ახალი ამბები
რუსეთმა ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა დაიწყო - უკრაინის გენშტაბი
FaceBook
უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან, ჰუმანიტარული დერეფნის გავლით, მოქალაქეთა ევაკუაცია შეწყდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა დაიწყეს და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს.

"ოკუპანტებმა არ გაუშვეს ბავშვები, ქალები და მოხუცები ქალაქიდან. მტერმა შეტევა ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით დაიწყო. რუსი არაადამიანების ამგვარი ქმედებები არაფერია, თუ არა უკრაინელების გენოციდი. ოკუპანტების დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება
", – ნათქვამია უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებაში.

7 მარტს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით, გარკვეული პოზიტიური წინსვლები იყო.

უკრაინაში მეცამეტე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და დაიცვან რუსული ავიაციის დაბომბვისგან უკრაინის ქალაქები.

Print