ახალი ამბები
რუსეთ - უკრაინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა
FaceBook
რუსეთის მიერ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისევ ვერ შედგა.

მოლაპარაკების მორიგი რაუნდი რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა

შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა. პოდოლიაკი ამბობს, რომ შედეგი, რაც უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებას შეცვლის, კვლავ ვერ იქნა მიღწეული.

"გარკვეული ცვლილებები გვაქვს ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, შევთანხმდით, რომ შევეცდებით რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს", - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

7 მარტს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა. 

უკრაინაში თორმეტი დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და დაიცვან რუსული ავიაციის დაბომბვისგან უკრაინის ქალაქები.
Print