ახალი ამბები
ქუთაისის მერიის მიერ უკრაინელებისთვის შექმილ ფონდში 50 000 ლარამდე შეგროვდა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ საგანგებო ფონდში, მოქალაქეებმა 50 000 ლარამდე გადარიცხეს.

ამას ემატება თვითმმართველობის მიერ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 50 000 ლარი. ჯამში, ამ ეტაპზე, ომში მყოფი უკრაინელებისთვის 100 000 ლარამდე თანხაა მობილიზებული.

ქუთაისის მერის მოადგილის ირაკლი ქარქაშაძის თქმით, პარალელურად შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც უკრაინაში მალე გაიგზავნება.

"მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს უკრაინელებთან და ვარკვევთ, ფულადი დახმარება ურჩევნიათ თუ სჯობს ამ თანხით სამედიცინო საშუალებები შევუძინოთ. როგორც კი გვეტყვიან თავიანთ საჭიროებებს, ჩვენც ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ", - ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

მისი თქმით, მერიას უკვე მოძიებული აქვს კომპანიები, სადაც შეძლებენ სამედიცინო აღჭურვილობის ყიდვას.

ქუთაისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქცია 1 მარტს დაიწყო.

ფონდის ანგარიშის ნომერია:

საქართველოს ბანკი :

GE04BG0000000533490747

თიბისი ბანკი:
GE52TB7508736080100010


უკრაინაში 12 დღეა ომია. ამ ხნის განმავლობაში  უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად არაერთი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა, მათ შორის, ქუთაისშიც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.  უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. 

Print