ახალი ამბები
"ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ" - უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი
FaceBook
საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, ქართველი ხალხის გვერდით დგომას მთელი უკრაინა გრძნობს და აფასებს.

"მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერით, უსაზღვრო ჰუმანიტარული დახმარება, მიტინგები უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს ტერიტორიაზე თქვენთან, თქვენ ოთახებში დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყვავილები საელჩოსთან, ყველა ქუჩა, ხიდები, გაჩერებები უკრაინის დროშის ფერებშია, ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ, რომ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ და უკრაინელებთან ერთად, მზად ხართ იბრძოლოთ თქვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევანისთვის",
- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის მან, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და საპატრიარქოს.

ანდრეი კასიანოვმა ასევე ისაუბრა, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ბაზარზე დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და თქვა, რომ ნებისმიერი ვაჭრობა რუსეთს აძლევს ფულს, რომელსაც იგი უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის საწარმოებლად იყენებს.

"მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ერთად და მადლობლები ვართ იმ განმარტებებისთვის, როგორებიც გააკეთა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სტიმულაციისგან, ხაზს ვუსვამ დაუშვებლობას, რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად, მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

მან გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, დაეხმარონ უკრაინას.
Print