ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 18:00 საათზე გაიმართება
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელისა და  მრჩევლის მიხეილ პოდოლიასკის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თბილისის დროით 18:00 საათზე  გაიმართება.

„მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან. მესამე რაუნდი. დასაწყისი კიევის დროით 16:00 საათზე. დელეგაცია უცვლელია“,
- წერს მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ში.

სად გაიმართება მოლაპარაკებები, უცნობია.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდია. მეორე შეხვედრაზე დელეგაციები ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ, რასაც ცეცხლის დროებით შეწყვეტა უნდა მოჰყოლოდა მარიუპოლსა და ვოლნოვახში, თუმცა, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და აღნიშნული ქალაქები დაბომბა.


უკრაინაში თორმეტი დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.




Print