ახალი ამბები
ქუთაისში, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ხუთ ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა
FaceBook
ქუთაისში, 6 მარტს გამართულ აქციაზე, სადაც ადგილობრივებმა ომში მყოფ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ჰუმანიტარული ტვირთიც შეგროვდა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ხუთ ტონამდე ტანსაცმელი, პროდუქტები, წამლები და სხვადასხვა ნივთი, ბათუმში უკვე გაიგზავნა, ბათუმიდან კი უკრაინაში ჩავა.

,,უმეტესად შეგროვდა ტანსაცმელი, მედიკამენტები და მშრალი საკვები. ერთი ტრაილერი სრულად გაივსო"
, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნოდარ მელაძე. 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილია სპეციალური ფონდი, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. გროვდება სისხლიც. სისხლის უანგარო დონაციისთვის უნდა დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე: https://bit.ly/3HIxPys

უკრაინაში თორმეტი დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და დაიცვან რუსული ავიაციის დაბომბვისგან უკრაინის ქალაქები.





Print