ახალი ამბები
საქართველო "თავისუფლების კუნძულია" - ეკონომიკის მინისტრი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე
FaceBook
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე საუბრისას თქვა, რომ თუ ადამიანები რეჟიმს გაურბიან, მათ ეროვნების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში საქმიანობის უფლება უნდა მივცეთ, რადგან საქართველო "თავისუფლების კუნძულია".

"რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მოდიან  ... საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი "თავისუფლების კუნძული" რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის ჩვენი სამეზობლოდან საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა შეძლონ საქმის კეთება. თუ ადამიანები გამოურბიან რეჟიმს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში იყვნენ, ეროვნების მიუხედავად, უნდა იმუშაონ, უნდა მივცეთ ლეგალურად და სწორად საქმიანობის შესაძლებლობა. ყველა მაკონტროლებელი უყურებს, რომ ქვეყანაში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, შემოვლენ ისინი, რომელთაც ექნებათ სუფთა "რექორდი", ანუ, ვინც იმსახურებენ ქვეყანაში შემოსვლას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოში 20 - 25 000 რუსი ვიზიტორია შემოსული, თუმცა, დავითაშვილს მათი შემოსვლის პერიოდი არ დაუკონკრეტებია.


საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს. მოქალაქეებმა ამის გამო სპეციალური მანიფესტი შექმნენ, რათა ოკუპანტ ქვეყანასთან დაწესდეს სპეციალური სავიზო რეჟიმი.

უკრაინაში თორმეტი დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.

მხარეებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დღეს, 7 მარტს გაიმართება.
Print