ახალი ამბები
რა ხდება უკრაინაში - ომის მეთორმეტე დღე
FaceBook
უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 მარტს უკრაინის ჯარმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ჩუგუევი რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს.


შტაბის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულია რუსეთის საზღვაო ქვეითების ბრიგადის მეთაური და სადესანტო ბრიგადის მეთაურის მოადგილე.

,,რუსი დამპყრობლები ცდილობენ ძალების კონცენტრირებას და ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან კიევზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვსა და ნიკოლაევზე. რუსული მხარე ცდილობს ჰუმანიტარული კრიზისით დაახრჩოს ქალაქი მარიუპოლი. ესვრიან საცხოვრებელ სახლებს',-
წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.

რეზნიკოვის ინფორმაციით, ემიგრაციიდან უკრაინაში უკვე დაბრუნდა 140 000-ზე მეტი უკრაინელი, რომელთა უმეტესობა მამაკაცია.

უკრაინაში თორმეტი დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. მან 4 მარტს მკაცრად გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ.

მხარეებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დღეს, 7 მარტს გაიმართება.
Print