ახალი ამბები
საქართველოს საპატრიარქო უკრაინას 10 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს უგზავნის
FaceBook
საქართველოს საპატრიარქო, უკრაინაში 10 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის.

ტვირთის ნახევარი ხვალ გაიგზავნება, ხოლო მეორე ნაწილი რამდენიმე დღეში.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მრევლს ეკონომიურად უჭირს, მაინც ყველა ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს გაჭირვებაში მყოფი ხალხის დასახმარებლად. ჯერ ერთი კვირაც არ არის გასული და უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი და 3 000 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი, მედიკამენტი შეგროვდა. ეს პროცესი კვლავაც უწყვეტად მიმდინარეობს. ღმერთმა დალოცოს უკრაინა და მშვიდობა მიმადლოს მას",
– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

ამანათს აწერია: უკრაინელ ხალხს საქართველოს მოსახლეობისგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება უნივერსიტეტებმა, მუნიციპალიტეტებმა და სკოლებმაც დაიწყეს.

უკრაინაში მეათე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. მან 4 მარტს მკაცრად გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას თქვა, რომ ევროპის ქვეყნების არგუმენტი იმის შესახებ, რომ ნატოს მიერ უკრაინის ცის საჰაერო იერიშებისგან დაცვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს, მათ მიერვე შექმნილი მითია.

მხარეები მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან, თუმცა, როდის შედგება შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.
Print