ახალი ამბები
უკრაინული მხარის თქმით, რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფნის შეთანხმება დაარღვია
FaceBook
უკრაინული მხარის თქმით, რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, ორი დღის წინ მიღწეული შეთანხმება დაარღვია.

,,11:45 საათზე რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ქალაქ ვოლნოვახის დაბომბვა მძიმე შეიარაღებით. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ 09:00 საათიდან ორი ჰუმანიტარული დერეფანი შეგვექმნა. ვაცხადებ, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმებები. წითელი ჯვრის შუამდგომლობის მიუხედავადაც კი, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები",- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ირინა ვერეშჩუკმა.

ჰუმანიტარული დერეფნის მოქმედების შეჩერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლებაც. ისინი მოსახლეობას თავშესაფარში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

ვერეშჩუკმა რუსეთის ფედერაციას მოსთხოვა, რომ უზრუნველყოს ჰუმანიტარული მარაგების გაგზავნის შესაძლებლობა ზაპოროჟიედან და დნეპრიდან.

უკრაინაში მეათე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. მან 4 მარტს მკაცრად გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას თქვა, რომ ევროპის ქვეყნების არგუმენტი იმის შესახებ, რომ ნატოს მიერ უკრაინის ცის საჰაერო იერიშებისგან დაცვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს, მათ მიერვე შექმნილი მითია.

მხარეები მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან, თუმცა, როდის შედგება შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.



Print