ახალი ამბები
უკრაინის ქალაქებში, სადაც ჰუმანიტარული დერეფნები ეწყობა, ცეცხლი დროებით შეწყდა
FaceBook
უკრაინის ქალაქებში მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ევაკუაციის დერეფნები იხსნება.

ჰუმანიტარული მისიის დასაწყებად სამზადისი მიმდინარეობს. ადამიანები, რომლებსაც ქალაქების დატოვება სურთ, რიგს იკავებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ევაკუაციის დერეფნების ტერიტორიებზე მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს.

"მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული ევაკუაციის დერეფნები მზადდება გასახსნელად. ფორმირდება რიგები, ევაკუაციისთვის. მხარეებმა დერეფნების ტერიტორიაზე ცეცხლი დროებით შეწყვიტეს", — წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

უკრაინაში მეათე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. მან 4 მარტს მკაცრად გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას თქვა, რომ ევროპის ქვეყნების არგუმენტი იმის შესახებ, რომ ნატოს მიერ უკრაინის ცის საჰაერო იერიშებისგან დაცვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს, მათ მიერვე შექმნილი მითია.

მხარეები მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან, თუმცა, როდის შედგება შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.
Print