ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, დამატებითი ძალები გაგზავნოს
FaceBook
CNN - ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში, შესაძლოა, დამატებით 1 000 დაქირავებული მებრძოლი გაგზავნოს.

უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ მათ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომელმაც თქვა, რომ რუსი სამხედროები "ცუდად მუშაობდნენ", რისი დასტურიც არის ის, რომ უკრაინელები მტერს მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას უწევენ.

უკრაინაში მეათე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროს დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. მან 4 მარტს მკაცრად გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას თქვა, რომ ევროპის ქვეყნების არგუმენტი იმის შესახებ, რომ ნატოს მიერ უკრაინის ცის საჰაერო იერიშებისგან დაცვა, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს, მათ მიერვე შექმნილი მითია.
Print