ახალი ამბები
კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში რუსების მიმართ დისკრიმინაციული კამპანია დაიწყო
FaceBook

ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეების მოთხოვნას, არ დაუშვან რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება საქართველოში, რომლის 20%-იც სწორედ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, დისკრიმინაციული უწოდა.


მისი თქმით, დისკრიმინაციული და შოვინისტური კამპანია "ომის პარტიამ" ანუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყო, რომელსაც საფუძვლად ომის განზრახვა უდევს.

"ომის პარტიის" განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს'',- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ ასეთი რიტორიკით, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, საფრთხე შეექმნათ.

"აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს'',-
განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

კობახიძემ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე კანონის გამკაცრებაც დააანონსა.

უკრაინა მეცხრე დღეა რუსეთი თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ და პატარა ქალაქებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების აღებას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.


 

Print