ახალი ამბები
ზელენსკი: ატომური ბლოკის აფეთქება ევროპის დასასრული იქნება
FaceBook
რუსი ოკუპანტების გახსნილი ცეცხლის შედეგად, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში გაჩენილი ხანძრის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპა გააფრთხილა, რომ უკრაინაში15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება "ევროპის დასასრული იქნება".

"რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის კატასტროფით", – თქვა ზელენსკიმ.

ზაპოროჟიის ატომურ ელექტოსადგურში ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

"რუსული ტანკები ესვრიან ატომურ ბლოკებს. ეს ტანკები უზრუნველყოფილია სითბური ხედვით, ანუ მათ იციან თუ საით ისვრიან, ისინი ამისთვის ემზადებოდნენ", – თქვა ზელენსკიმ.

"ვაფრთხილებთ ყველას – არც ერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არასდროს გაუხსნია ცეცხლი ატომური ენერგობლოკებისთვის. პირველად,  ჩვენ ისტორიაში ტერორისტულმა სახელმწიფომ მიმართა ბირთვულ ტერორს", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

მან ასევე ევროპის მოსახლეობას შეახსენა ჩერნობილის ტრაგედია და ხაზი გაუსვა, რომ მაში მხოლოდ ერთი ატომური ბლოკი აფეთქდა, ზაპოროჟიის სადგურში კი 6 ასეთი ბლოკია.

ხანძარი ატომური სადგურის სასწავლო-მოსამზადებელ კორპუსში გაჩნდა, რის შემდეგაც ადგილზე უკრაინელი მეხანძრეები გაგზავნეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.

უკრაინა უკვე მეცხრე დღეა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების აღებას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.


წყარო: ტაბულა

Print