ახალი ამბები
"დიდება უკრაინას" - ავტოკოლონით მსვლელობა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, უკრაინის მხარდასაჭერად ავტომანქანებით მსვლელობა მოეწყო.

ავტოკოლონა, საყვირების თანხლებით, დავით აღმაშენებლის ძეგლიდან დაიძრა და ქალაქის ცენტრის გავლით, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მივიდა.

"ამ ფორმით გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მებრძოლ უკრაინელებს და ჩამოვირეცხოთ პრემიერ-მინისტრის განცხადებით გამოწვეული სირცხვილი. დიდება უკრაინას"
, _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბექა ქვაჩაკიძემ.

პარტიის მიერ მოწყობილ მსვლელობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

უკრაინა მერვე დღეა  რუსეთი თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების  აღებას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამ დღიდან საქართველოს  ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება. სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, მასშტაბური აქციაა დაგეგმილი ქუთაისში, 6 მარტს.
Print