ახალი ამბები
აკრძალული სოლიდარობა - ჭიათურის სკოლაში მასწავლებელს აქციის ფოტოები წააშლევინეს
FaceBook
ჭიათურის სოფელ მანდაეთის სკოლაში, დირექტორმა მასწავლებელს სკოლაში ჩატარებული უკრაინის სოლიდარობის აქციის ფოტოები სკოლის ფეისბუქ გვერდიდან წააშლევინა.

მანდაეთის სკოლაში, მოსწავლეების მონაწილეობით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა. სოლიდარობის აქციის ამსახველი ფოტოები პედაგოგმა მირანდა გოგოლაძემ სკოლის ფეისბუქ გვერდზე ატვირთა, თუმცა, მას მოგვიანებით ფოტოების წაშლა აიძულეს, რის შემდეგაც მასწავლებელმა მომხდარის შესახებ პედაგოგების კერძო ჯგუფში დაწერა.

,,პოლიტიკური თვალსაზრისით შეხედეს ჩვენი სკოლის მხარდაჭერას და წამაშლევინეს ფოტოები''
-, წერდა მირანდა გოგოლაძე.



მას შემდეგ, რაც "ქუთაისიპოსტმა" მირანდა გოგოლაძესთან დაკავშირება სცადა, მან არც შეტყობინებაზე გვიპასუხა და ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტიც წაშალა.

ინფორმაცია არ უარყო მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორმა სიმონ ჩაჩანიძემ და თქვა, რომ ფოტოების წაშლის გადაწყვეტილება სკოლის დირექციამ შეთანხმებულად მიიღო.

,, ასე ჩავთვალეთ საჭიროდ''-, გვითხრა სიმონ ჩაჩანიძემ.

სოლიდარობის აქციის დღე სოფელ მანდაეთის სკოლაში



უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად იმართება.

Print