ახალი ამბები
"სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ომი ჯერ დაიწყებოდა თბილისში, მერე კიევში"
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, თუმცა, მეგობარ ქვეყანაში ომის ფონზეც კი, მისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი მიხეილ სააკაშვილზე საუბარს დაუთმო.

პრემიერმა გაიმეორა სახელისუფლებო რიტორიკა იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა 2008 წელს პროვოკაცია თავიდან ვერ აირიდა და საპასუხოდ დაკარგა ტერიტორიები. მან ოპოზიციას რადიკალური უწოდა და თქვა, რომ მათ უკრაინაში ომი უხარიათ.

"ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს. სამწუხაროა, რომ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველაფერ უბედურებაში ეძებენ საკუთარ ანგარებას. 2008 წელს ვერ აარიდეს ომი ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას. გვახსოვს როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი, მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა, ჩვენმა პოლიციელებმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები. დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს, რომ ჩავერთოთ ომში და სანქციები დავუწესოთ რუსეთს.

მე მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ დღეს ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი და ამის შემჩერებელი დღეს არავინ არის. ამიტომ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი მსოფლიო არის გამოწვევების წინაშე. მე როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არაფერს გვაკეთებ ისეთს, რაც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მიუხედავად ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა. გვახსოვს როგორ დაკარგა საქართველომ ახალი ტერიტორიები, როგორ ჩააბარა კოდორი და ახალგორი სააკაშვილმა. ომის შედეგები მძიმეა და ამან გამოიწვია აღიარება ჩვენი ძირძველი რეგიონების.

საბოლოო ჯამში ვინ დაიჩაგრა? ისევ ხალხი, ჩვეულებრივი ხალხი. დაიჩაგრა ჩვენი ქვეყანა, თაობები დაიჩაგრა და პოლიტიკოსებმა რა ქნეს? გააგრძელეს მოღვაწეობა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ვინმეს თუ უფიქრია სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში სად ვიქნებოდით? ომი ჯერ დაიწყებოდა თბილისში და მერე კიევში. ეს უნდა ითქვას. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ"
, - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე,  ისაუბრა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე და თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. 

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო,  მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print