ახალი ამბები
„მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვემიჯნებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას“
FaceBook
ქუთაისში, ქალაქ დონეცკის სახელობის ქუჩიდან, უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებმა დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინაში.

აქციის მონაწილეები გაემიჯნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევამდელ განცხადებას და უპირობო სოლიდარობა გამოუცხადეს მოძმე უკრაინელ ხალხს.

სამოქალაქო აქტივისტის და მსახობის ნოდარ მელაძის განცხადებით, სამარცხვინოა ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო არ უერთდება. პრემიერ-მინისტრი არც უკრაინაში ჩასვლას აპირებს, მაშინ როცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში უკრაინა საქართველოს გვერდში ედგა.

აქციაზე ოჯახთან ერთად მივიდა ქუთაისში მცხოვრები უკრაინელი მარია მიხაილოვკა.

„ჩემს ქალაქში სროლებია. ჩემი მშობლები ცხოვრობენ კიევთან ახლოს. დღეს გამთენიისას იყო სროლები აეროპორტის მიმართულებით, ჩემი ბებია და ძმა არიან ახლა კიევში. ჩვენს რაიონშიც იყო სროლები, მთელი ღამე ტანკები გადაადგილდებოდნენ. მთელი დღე ვიკავებდი თავს, რომ არ მეტირა, მაგრამ როცა ვნახე ასეთი მხარდაჭერა, ვერ შევძელი თავის შეკავება",​- თქვა მარია მიხალოვკამ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევში უკრაინის სამხედრო ტექნიკა შედის ქალაქის დასაცავად.
მან კიეველებს მოუწოდა, არ გადაიღონ და სოციალურ ქსელებში არ განათავსონ ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია.

დენისენკოს განმარტებით, კიევში მოხალისეებზე უკვე გაცემულია 18 ათასი ავტომატი. უკრაინის შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის კიევი გაწმენდილია დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებისგან. უწყების თანახმად, კიევში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა დაძაბულობა რჩება.

უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.

Print