ახალი ამბები
სანქცირებული VTB ბანკი გააგრძელებს საქართველოში ოპერირებას
FaceBook
სხვადასხვა ქვეყნის მიერ სანქცირებული VTB ბანკი საქართველოში ოპერირებას კვლავ გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, ეროვნულ ბანკსა და VTB-ს ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა – ბანკი გადახდისუნარიანია და მეანაბრეების ინტერესები დაცულია.

"ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის ვითიბი ბანკის ჯგუფს და მის წევრ სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას სანქციები დაუწესა. აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება. 

პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს ვითიბი ბანკი ჯორჯია, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს",
– ნათქვამია სებ-ის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც, რომლის ქონება და აქტივებიც გაიყინება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.
Print