ახალი ამბები
უკრაინაში ომი დაიწყო
FaceBook
რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინმა ცოტა ხნის წინ, 24 თებერვლის გამთენიისას, უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში „სპეციალური სამხედრო ღონისძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა. ის ირწმუნება, რომ „რუსეთის გეგმებში უკრაინის ოკუპაცია არ შედის“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის აღმოსავლეთით ომის დაწყების შესახებ წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ მის მიერვე აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების თხოვნა აღნიშნული რეგიონების უკრაინისგან დაცვის შესახებ.

რუსეთმა რამდენიმე საათის წინ 18 მაისამდე აკრძალა სამოქალაქო თვითმფრინავების მიმოსვლა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, სადაც უკვე რამდენიმე თვეა, რუსული არმიის ასიათასზე მეტი ჯარისკაცია მობილიზებული.

დასავლური სახელმწიფოები რამდენიმე კვირაა, დაზვერვაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება. ბოლო გაფრთხილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 23 თებერვალს გაავრცელა და თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უახლოეს 48 საათში უნდა დაიწყოს და ამაზე მიუთითებს რუსეთის ყველა ბოლო ქმედება.

უკრაინამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა.
Print