ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ გაიჯარებული სკვერის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ, ბუხაიძის ქუჩაზე 30 წლით გაიჯარებულ სკვერზე საჯარო განხილვას თავი აარიდა.

კორპუსის წინ მდებარე მიწის ნაკვეთისთვის კონფიგურაციის შეცვლის საკითხი მერიას დღევანდელ სხდომაზე უნდა გაეტანა, თუმცა, ოპოზიციის პროტესტის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ამბობს, რომ გადაწყვეტილება, მშენებლობით "პატრიოტთა ალიანსის" წევრების გოჩა თევდორაძისა და ბესიკ ცქიფურიშვილის დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ უკავშირდება და რეალურად, საკითხის განხილვის შეჩერების მიზეზი მერიაში მოსახლეობის მიერ შეტანილი კოლექტიური განცხადება გახდა.

"კოლექტიური განცხადება არის შემოსული, ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვეზიარებინა მოქალაქეების პოზიცია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელმა ორგანომ მაქსიმალურად შეისწავლოს ეს საკითხი. კონკრეტული საკითხების პერსონიფიცირება არ მიმაჩნია მართებულად, თუმცა, რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ პათოსს, აქ უშუალოდ სახელმძღვანელო იყო მოქალაქეების პოზიცია", - ამბობს ირაკლი შენგელია.

ქუთაისის მერია სკვერის გაიჯარებას ადასტურებს, თუმცა, უარყოფს მიწის ნაკვეთების "პატრიოტთა ალიანსის"  წევრებისთვის გადაცემას.

"გიგა შუშანიას მიერ გავრცელებული განცხადება, იმის თაობაზე, რომ ქუთაისის მერი "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს სკვერში შენობის აშენების უფლებას აძლევს, არის დეზინფორმაცია და კვლავ პოლიტიკური სპეკულაცია.
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის#24-ის მიმდებარედ არსებული სკვერის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ 2013 წელს გაიცა აღნაგობის ფორმით.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აგვისტოს N1089 ბრძანებით, მოქალაქე ვარლამ დარსაველიძეს პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა N24 სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სკვერი, ნაკვეთიN1-ის ნაწილი (454კვ.მ), 30 წლის ვადით.

2013 წლის 02 სექტემბერს გაფორმებული იქნა N23 აღნაგობის ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოაღნაგემ გაასხვისა აღნაგობის უფლება. მოსახლეობამ, საკუთარი ინიციატივით, აღნაგობის უფლებით გასხვისებული ტერიტორიის ნაწილში აღმართა რელიგიური სიმბოლო - ჯვარი, რის გამოც მოაღნაგემ ვერ გამოიყენა აღნაგობის უფლებით გადაცემული ტერიტორია და წარმოიშვა გადაცემული ფართის კონფიგურაციის ცვლილების საჭიროება.

შესაბამისად, ქუთაისის მერიამ მოაღნაგეს სკვერში არსებული ფართის ნაცვლად შესთავაზა ალტერნატიული ფართი.

ამგვარად, ქუთაისის მერიას "პატრიოტთა ალიანსის " წარმომადგენლებისთვის სკვერში მშენებლობის უფლება არ მიუცია და გიგა შუშანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ ბრალდება", - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში. 

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ ჰექტრამდე მიწა ქუთაისის მერიამ 30 წლიანი იჯარითა და აღნაგობის უფლებით გასცა. ადგილზე პირველი შენობა მოსახლეობის პროტესტის ფონზე, 2018 წელს აშენდა. მაშინ მშენებლობას მრავალწლოვანი ნაძვები შეეწირა, თუმცა, მერიას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

სამი წლის შემდეგ კი, ადგილობრივებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათი კორპუსის წინ კიდევ ერთი მშენებლობა იწყება. ბუხაიძის #24-ში სამშენებლო ადგილი უკვე შემოღობილია და მიმდინარეობს ბეტონის კონსტრუქციის ჩასხმა.

30 წლით გაიჯარებული ნაკვეთი კორპუსის წინ - ვინ დგას მშენებლობის უკან
Print