ახალი ამბები
ქუთაისი ჩინურ ქალაქ სიანს დაუმეგობრდება
FaceBook
ქუთაისს ჩინეთში კიდევ ერთი დამეგობრებული ქალაქი სიანი ეყოლება. 

ქუთაისისა და სიანის დამეგობრების მემორანდუმს ხელი გაზაფხულზე მოეწერება.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით ქალაქ სიანთან დამეგობრების საკითხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით განიხილავენ. 

ქალაქის  მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, სასურველია მსგავსი მემორანდუმის გაფორმება 2 მაისს, ქუთაისის ქალაქობის დღეს დაემთხვეს. 

სიანი არის შენსის პროვინციის დედაქალაქი 12 მილიონიანი მოსახლეობით. იგი გუანჟონგის დაბლობზე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარეობს. სიანი  ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის ჩინეთის ოთხი დიდი უძველესი დედაქალაქიდან ერთ-ერთი. სიანი წარმოადგენს აბრეშუმის გზის საწყის წერტილს.

ქალაქი სიანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

მერიის შენობის წინ სპეციალური დაფაა, სადაც დაძმობილებული ქალაქების ჩამონათვალია

ქუთაისს 28 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს. მათგან ნაწილი საბჭოთა დროს დაუმეგობრდა ქუთაისს, ნაწილი საქართევლოს დამოუკიდებლობის პერიოდში. ესენია: სტრასბურგი, პოზნანი, აშკელონი, ნიუპორტი, ჟიტომირი, ლვოვი, ხარკოვი, კოლუმბია, განჯა, ნიკეა, ტულა, პლოვდივი, სამსუნი, გიუმრი, სომბატჰეი, გომელი, კარსიაკა, მარიბორი, მიკოლაივი, ტარტუ, ვალკა, ნანჩანგ, უნგენი, კაუნასი და ა.შ.

ყველაზე მეტი "მეგობარი" ქალაქი ქუთაისს უკრაინაში ჰყავს.

დამეგობრება გულისხმობს ეკონომიკურ, კულტურულ და განათლების მხრივ პარტნიორულ თანამშრომლობას.

ადგილობრივმა თვითმართველობამ  დამეგობრებული ქალაქებისთვის შესაძლოა ფესტივალიც გამართოს.
Print