ახალი ამბები
კოლხური შადრევნის რეაბილიტაცია თებერვლის ნაცვლად, მარტამდე არ დასრულდება
FaceBook
ისევე, როგორც ას საფეხურიანი კიბეების რეაბილიტაცია, ქუთაისში, ცენტრალურ  მოედანზე მდებარე კოლხური შადრევნის რეკონსტრუქციაც დათმულ დროში ვერ გახორციელდება.
გასულ წელს დაწყებული რეაბილტაციის პროცესი, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, 19 თებრვლამდე უნდა  დასრულებულიყო გაზაფხულადე არ დამთავრდება. 

მიზეზი, როგორც სამუშაოების შემსრულებელი  კომპანია  შპს  "დავითის" დირექტორი თამაზ ზანგალაძე ამბობს,  უამინდობაა ანუ ზამთარში თოვლი და ყინვა. 

ვადის გადაწევის მოთხოვნით კომპანიამ მერიას უკვე მიმართა. წერილში კომპანია მერიას სთხოვს სამუშაოების დასრულების ვადა 52 დღით გადაწიოს. შესაბამისად, დოკუმენტში შესული ცვლილების მიხედვით, კოლხური შადრევნების რეაბილიტაციის დასრულების ვადად 12 აპრილი განისაზღვრა. თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოებს მარტში დაასრულებენ.

"ყინვის დროს ვერ ვმუშაობთ, ფილების დაკვრა მიმდინარეობს და ყინვა ამ დროს ხელისშემშლელია. გვინდა ხარისხიანად გავაკეთოთ, ამიტომ ჩაბარების ვადამ მარტამდე გადაიწია, საბოლოო
დეტალები სრულდება ახლა'',
- ამბობს შპს "დავითი ხელმძღვანელი თამაზ ზანგალაძე.

ამ დროისათვის შადრევნების ფიგურები უკვე გაიწმინდა და მათი დადგმის პროცესი მიმდინარეობს.

რეკონსტრუქციის ფარგლებში აღდგება განათების სისტემა, განახლდება მოპირკეთება და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრომომარაგების სისტემა.

კოლხური შადრევნის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო შესყიდვა (
NAT210017637) ქუთაისის მერიამ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ხელშეკრულება  შპს "დავითთან" გაფორმდა, სადაც კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს 526 699 ლარად ასრულებს. ამ თანხიდან კომპნიას უკვე დარაიცხული აქვს 105 398 ლარი.


არქიტექტორ, დავით გოგიჩაიშვილის მიერ დაპროექტებული შადრევანი, რომელზეც 30 მოოქროვილი კოლხური ქანდაკებაა დადგმული, ქუთაისის ბიუჯეტს 3 მილიონ ლარამდე დაუჯდა. ის 2011 წელს საზეიმოდ გახსნა მიხეილ სააკაშვილმა.

Print