ახალი ამბები
"შეთანხმებულია შესაბამის კომისიებთან“ – მეუფე იოანე ბაგრატის ტაძართან მშენებლობაზე
FaceBook
ბაგრატის ტაძრის ეზოში წყალკურთხევის აუზი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის–გაენათის ეპარქიაში ადასტურებენ.

ეპარქიის წინამძღოლი მეუფე იოანე "ქუთაისიპოსტთან"  საუბარში ამბობს, რომ მშენებლობა საპატრიარქოს არქიტექტურულ კომისიასთან შეთანხმებულია.

"შეთანხმებულია შესაბამის კომისიებთან, საპატრიარქოს არქიტექტურულ კომისიასთან. ეს არის ტრადიცია, საკათედრო ტაძართან, ეზოში არსებობს წყალკურთხევის აუზი. თბილისში სიონთან ნახავთ, სამების ტაძართან ნახავთ, ქუთაისში, როდესაც საკათედრო ტაძარი იყო პეტრე–პავლე, იქაც იყო, ეხლა საკათედრო ტაძარი ბაგრატია, ამიტომ იქ უნდა გაკეთდეს. ეს არის ძველი ტრადიცია",
– განაცხადა მეუფე იოანემ.

ბაგრატის ტაძრის ეზოში წყალკურთხევის აუზის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს.

წყალკურთხევის რიტუალი 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ტარდება. ტრადიციის მიხედვით, წყალკურთხევის შემდეგ ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს ენიჭება უფლება სახლში წაიღოს "განწმედილი" წყალი.
Print