ახალი ამბები
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
FaceBook
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს ორი ე.წ. პროფესიული წევრი აირჩია.
მმართველმა გუნდმა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი.

მათი არჩევა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამდებობას ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილი იყვნენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

მათ ასარჩევად კენჭისყრა ზედიზედ ორჯერ ჩატარდა. კანდიდატებს თავდაპირველად კენჭი ეყარა 2/3-იანი კვორუმით, თუმცა ხმათა 2/3-ით ვერც ერთი კანდიდატის არჩევა ვერ მოხდა.

ამის შემდეგ კენჭისყრა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გაიმართა. აღნიშნული კენჭისყრის შედეგი ასეთი იყო:

გიორგი კალანდარიშვილი 84 - მომხრე; 2 - წინააღმდეგი;

მაია ზარიძე 80 - მომხრე; 2 - წინააღმდეგი;

გია ცაცაშვილი 78 - მომხრე; 2 - წინააღმდეგი.
Print