ახალი ამბები
ას საფეხურიანი კიბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეჩერებულია
FaceBook
ქუთაისში, ბალახვნის კიბეებზე, რომლის რეკონსტრუქციაც მერიამ დაპირებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიწყო, სამუშაოები შეჩერებულია.

ამ დრომდე ადგილზე არავინ იმყოფება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ობიექტზე დილიდან არავინ გამოჩენილა.

მიუხედავად იმისა, რომ კიბეების რეკონსტრუქციის ხუთთვიანი ვადიდან მხოლოდ თვენახევარია დარჩენილი, ადგილზე სამუშაოების დიდი ნაწილი ჯერ ისევ შეუსრულებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემსრულებელი კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენი" დათქმულ დროს, მიმდინარე წლის 27 მარტს, პროცესის დასრულებას ვერ შეძლებს, ბალახვნის კიბეები კი მორიგი დროში გაჭიანურებული პროექტი იქნება.

კომპანიის წარმომადგენელი დავით კაპანაძე "ქუთაისიპოსტთან"  საუბარში არ უარყოფს, რომ სამუშაოები დათქმულ დროში ვერ დასრულდება, თუმცა, ამას, მისი თქმით, ობიექტური მიზეზები აქვს.

"იყო გარკვეული შეფერხება იქ, ახლა ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, ხვალ, ალბათ, უკვე იქნება და გაგრძელდება სამუშაოები. პროცესის მარტის ბოლოს დასრულება ამ მიზეზების გამო ვერ მოესწრება და სამუშაოები გადავადდება. რამდენი ხნით, ეს დასკვნის შემდეგ გაირკვევა"
, - ამბობს დავით კაპანაძე.

ქუთაისის მერიაში კი, რომელსაც სამუშაოების ზედამხედველობა ევალება, საკითხს ამ დრომდე არკვევენ.

ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია ის დაპირებაა, რომელიც ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა. წლების განმავლობაში იცვლებოდა პროექტიც და სამუშაოებისთვის საჭირო თანხის რაოდენობაც.

საბოლოოდ, მერიას დაპირების შესასრულებლად ბიუჯეტში ფული არ აღმოაჩნდა და სამუშაოების დაფინანსება ევროკავშირს სთხოვა. ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კიბეების რეკონსტრუქცია 673 821 ლარით დაფინანსდა.

Print