ახალი ამბები
საქართველოში პირველი სპორტული სასტუმრო წყალტუბოში აშენდება
FaceBook
საქართველოში პირველი სპორტული სასტუმრო წყალტუბოში აშენდება.

კომპლექსი სრულად სპორტულ ინფრასტრუქტურას მოიცავს. 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს კომპანია Green Energy განახორციელებს. კომპანიის დამფუძნებელი დავით შვანგირაძე, ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ეს პროექტი საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარების დასაწყისი იქნება.

"წარმოშვებით წყალტუბოდან ვარ და სულ მინდოდა იქ სპორტსკოლა გამეკეთებინა. მერე ეს იდეა მომივიდა და გადავწყვიტეთ სპორტული სასტუმროს მშენებლობა. ეს იქნება სრულად სპორტსმენებზე მორგებული პროექტი, წამყვანი იქნება ჩოგბურთი, გვექნება ოთხი კორტი, მინიფეხბურთი, კალათბურთი, მძლეოსნობა, სამომავლოდ ვგეგმავთ რაგბის და ფეხბურთის მოედნების გაკეთებას. აქ იქნება ყველაფერი, რაც სპორტს უკავშირდება. ეს იქნება საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარების დასაწყისი",
- ამბობს დავით შვანგირაძე.

სასტუმრო "სანატორიუმი" სამსართულიანი იქნება და კომპლექსი სრულად 3.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სასტუმრო 50 ნომერზე იქნება გათვლილი. სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპორტსმენები. სასტუმრო უმასპინძლებს სხვადასხვა სახეობის სპორტულ შეკრებებსა და ტურნირებს.

სასტუმრო პირველი სტუმრების მიღებას 2023 წლის გაზაფხულზე შეძლებს.

პროექტი "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება.




Print