ახალი ამბები
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება
FaceBook
კულტურის სამინისტრო კომპიუტერული თამაში დიდგორის შექმნას დააფინანსებს.
სამინისტროს განცხადებით, კომპიუტერული თამაშის თრეილერი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა  გამარჯვებული პროექტის "ძლევაი საკვირველი" ფარგლებში შეიქმნა და მისი თრეილერის პრეზენტაცია დღეს შედგა.

კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა.

"სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა.

თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს",
- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გასული წლის აგვისტოში კულტურის სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე.
Print