ახალი ამბები
"დღეს ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ ბედავს გელათში ასვლას" - გიგა შუშანია
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსი "დავითობას" ისევ ხარაჩოებში ხვდება.
ტაძარში არსებული ამ დრომდე მოუგვარებელი პრობლემები გააპროტესტა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლემა გიგა შუშანიამ. მისი განცხადებით, კომპლექსში არსებული ხარვეზების გამო გელათს ჩინოვნიკები "ვერ ეკარებიან".

"გელათი არის განადგურების პირას და ვერც ერთი ჩინოვნიკი უკვე ორი წელია ვერ ბედავს გელათში ამოსვლას და ამ პრობლემებზე საუბარს. მე მოვუწოდებ ჩინოვნიკებს ეყოთ ნამუსი, გამბედაობა და ამოვიდნენ. დღეს არ არის ყვავილების, ბიუჯეტის ხარჯზე გაშლილ ბანკეტებზე დავითის და საქართველოს სადღეგრძელოების დრო. არამედ,  უნდა ამოვიდეთ, ყველან ერთად, მთელმა საქართველომ და მათ შორის, ხელისუფლებამ დავიწყოთ ზრუნვა და გელათი გადავარჩინოთ. ჩვენ თუ გვინდა დავით აღმაშენებელს მივაგოთ პატივი, მისი ეს მემკვიდრეობა ნამდვილად არ უნდა იყოს ამ დღეში",
-  განაცხადა გელათში გიგა შუშანიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს (ძვ. სტ. 26 იანვარს) წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას  დღეს რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი. თუმცა, პროგრამის ჩანათვალში არ  არის განსაზღვრული გელათში მათი ვიზიტი.

შესაბამისად, არც ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი და არც იმერეთის გუბერნატორი არ გეგმავენ გელათის სამინასტრო კომპლექში საზიემო წირვის დასწრებას.  

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები  2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა. მონასტერი ისევ დროებითი გადახურვის იმედადაა დარჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


Print