ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო ბაგრატის ტაძარში წყლის ჩასვლას "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს
FaceBook
კულტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბაგრატის ტაძარში წყლის ჩადინება 2009-2012 წლებში ჩატარებული უხარისხო რეკონსტრუქციის შედეგია.

კომპანია "სენსონის" ექსპერტების შეფასებით, ტაძარში სამუშაოები დაჩქარებული ტემპით განხორციელდა, რა დროსაც შეცდომები იქნა დაშვებული. მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 10-15 წელი იყო საჭირო.

"გამოვლინდა მეხამრიდების არასწორი მონტაჟის მეთოდოლოგია და სარკმლის მინის დამჭერების დეფორმაციები, რაც ასევე შეიძლება იყოს წყლის ჩასვლის მიზეზი. ტაძარზე სპილენძის საფარი არასაკმარისადაა გადმოშვერილი, რის გამოც, ზედაპირი სველდება ინტენსიურად. სახურავის ქიმიურად დამუშავებულ სპილენძს ნალექი რეცხავს და მწვანე ლაქებს უჩენს კედლებსა და ცოკოლის ქვებს. ქიმიური კვლევით დასტურდება, რომ სპილენძის მარკა არ შეესაბამება გარე გამოყენების სტანდარტს. გამომარილებაა დაწყებული საკურთხევლის აფსიდში, ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში და სხვა ადგილებშიც.

ქვებს შორის ღარებია, კედლის მასების ურთიერთგადაბმაც შესამჩნევადაა დაშორებული. ტაძრის ადრეული შრეების ფენები გაცილებით მედეგი აღმოჩნდა ამ ჰიდროლოგიური ზემოქმედების მიმართ. მაშინ როცა,  ახალი ქვა გამოშრა, გამოიფიტა და დაიწყო დაშლა, ჩამოფშვნა. ეს შეიძლება აიხსნას ქვის მასალის დაბალი ხარისხით. ტაძრის განათებისათვის გაკეთებული გაყვანილობაც დამატებით საშუალებად გვევლინება ნალექების დასაგროვებლად. დაზიანებული მეხამრიდი მოწყობილობა საშიშროებას უქმნის ადამიანის სიცოცხლეს"
, - წერია დოკუმენტში.

კულტურის სამინისტრომ, ბაგრატის ტაძრის დაზიანებაში წინა ხელისუფლება მანამდეც დაადანაშაულა. უწყება წერდა, რომ სამუშაოების დაჩქარებულ ტემპში წარმოებამ, ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი 2012 წელს საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა.

"ამბობენ, ("ნაციონალური მოძრაობა") ჩვენ გავაფუჭეთ ბაგრატი, ამოვაღებინეთ ის ჩვენი ცუდი მოქმედებებით იუნესკოს სიიდან, მაგრამ არაუშავს, პრობლემაა ის, რომ "ქართული ოცნება" არ ცდილობს ჩვენი ცუდი საქმიანობის შედეგების გამოსწორებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრის დროს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ტაძარში ხარვეზები მისი რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ არასათანადო მოვლამ გამოიწვია.

ბაგრატის ტაძარში წყალი გასული წლიდან ჩადის. წვიმის დროს სველდება და ზიანდება ტაძრის კედლები.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა, თუმცა, ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო, რის მიზეზადაც მისი ავთენტიკურობის დაკარგვა დასახელდა. ტაძარს ახლა ეროვნული კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს.

ბაგრატთან ერთად ზიანდება გელათიც. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩატარებული რეკონსტრუქციიდან ერთ თვეში, ახალრეაბილიტირებული სახურავიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში წყალი ჩავიდა და უნიკალური ფრესკები გაანადგურა. ხელისუფლება მაშინაც შეეცადა მომხდარზე პასუხისმგებლობა მოეხსნა და ჯერ ფრესკების დაზიანებას უარყოფდა, შემდეგ კი თქვა, რომ თეთრი ნაწილები, რაც ფრესკებიდან ცვიოდა, მეოცე საუკუნის კონსერვაციის დროინდელი იყო. მას შემდეგ კი, რაც იუნესკოს ექსპერტებმა ღიად თქვეს, რომ ფრესკები ტაძარში წყლის ჩადინების შედეგად დაზიანდა, წყალი კი ნაგებობაში სახურავის შეცვლის შემდეგ ჩავიდა, ხელისუფლება შეცდომების გამოსწორების გეგმაზე ალაპარაკდა. 

ამავე თემაზე:

კულტურის სამინისტრო ბაგრატის ტაძარის დაზიანებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს

ბაგრატის ტაძარში დაზიანებული ფასადის გასაწმენდად ექსპერტიზა დაინიშნა


ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის (ფოტო)

Print