ახალი ამბები
,,განჯის კარის დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას'' - საგარეო საქმეთა სამინისტრო
FaceBook
,,განჯის კარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას'',- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი მარი ნარჩემაშვილი.

მისი განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მთავრობათაშორისი კომისიის ოქმში ეს საკითხი ასახული არ არის.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯის კარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული. დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯის კარის საკითხი არ არის დღის წესრიგში"
, - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

სამ თებერვალს, აზერბაიჯანული მედია APA.AZ-ის მიერ, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანხმადაც, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განჯის კარის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

"ჩვენ განვიხილავთ განჯის კარის აზერბაიჯანში დაბრუნებას მოლაპარაკებების გზით. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მთავრობათაშორისი კომისია და აზერბაიჯანულმა მხარემ ეს საკითხი კომისიის დღის წესრიგში შეიტანა. მოლაპარაკების მიმდინარეობა არ არის მარტივი. ჩვენი მიზანია აზერბაიჯანისთვის კარიბჭის დაბრუნება",- ამბობდა ანარ ქერიმოვი ინტერვიუში.

ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი კი, გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი.

ფრაგმენტი ქართული წარწერით დღემდე გელათშია დაცული. ის შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშად არის მიჩნეული. დამზადებულია თუჯისა და რკინისგან, მოპირკეთებულია ორნამენტებით და მოხატულობით.





Print
თეგები: #განჯისკარი