ახალი ამბები
ტყიბულის შახტში დაშავებული ერთი მეშახტე კვლავ რეანიმაციაში რჩება
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 31 იანვარს მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული რვა მეშახტიდან, ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მას სხეულის 60% აქვს დამწვარი. პაციენტი მკურნალობას დამწვრობის ცენტრში გადის. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, დაშავებულს სასუნთქი გზების დაზიანება  აღენიშნება.

"რეანიმაციის განყოფილებაში რჩება ერთი პაციენტი, მას სხეულის 60% აქვს დაზიანებული, გარდა ამისა, სასუნთქი გზების დაზიანება და ბარო ტრავმა, რაც სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია. დანარჩენი 7 პაციენტი თავს კარგად გრძნობს",
- განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

31 იანვარს, ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. შრომის ინსპექციის პირველადი მოკვლევით,  შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ამასთან, მუშაობისას ტექნიკური ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში უბედური შემთხვევა ბოლოს გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა. მაშინ, ერთ-ერთ კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის ღია და დახურულ შახტებში სულ 36 ადამიანი დაიღუპა.

ამავე თემაზე:

"სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით" - შრომის ინსპექცია

ერთი გარდაცვლილი, 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში

ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, შრომის ინსპექტორები მუშაობენ

ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Print