ახალი ამბები
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია საკასო აპარატების გაუქმებას მერიასთან შეუთანხმებლად აპირებს
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში, საკასო აპარატები არაეფექტური აღმოჩნდა.

არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიის გამო, მგზავრების ნაწილისთვის კვლავ გაუგებარია, როგორ უნდა გამოიყენონ გადახდის ახალი სისტემა. მათთვის კი, ვინც მოწყობილობის გამოყენება იცის, პრობლემაა საჭირო ნომინალის ხურდის არქონა. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მგზავრს არც პლასტიკური ბარათი აქვს, მძღოლისთვის კი თანხის მიწოდება აკრძალულია, მოქალაქეთა ნაწილი მგზავრობის საფასურს ვერ იხდის.

თუმცა, თანხის გადახდას ხშირად ვერც ის მგზავრები ახერხებენ, ვისაც საჭირო მონეტებიც აქვს, პლასტიკური ბარათიც და ორივე აპარატის გამოყენება იცის, რადგან მოწყობილობები ხშირად ფუჭდება. შესაბამისად, თანხა, რომელიც მოქალაქეებმა ვალით შეძენილი ავტობუსებით მგზავრობისთვის უნდა გადაიხადონ, ბიუჯეტს აკლდება.

მუნიციპალურ ტრანსპორტში, მხოლოდ მგზავრობის ღირებულების გადახდის თვალსაზრისით არსებული უამრავი პრობლემის მოგვარება, სატრანსპორტო კომპანიამ საკასო აპარატების გაუქმებით გადაწყვიტა. კომპანიის დირექტორმა გიორგი გიორგობიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ე.წ. ხურდის აპარატები არაკომფორტულია და კომპანია შეეცდება გადახდის ეს სისტემა გააუქმოს.

"აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი თანაქალაქელების მოთხოვნას საკასო აპარატებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არაკომფორტულია ხურდის აპარატები, პანდემიის პერიოდში დამატებითი რისკია. შესაბამისად, ვეცდებით გავაუქმოთ!  რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმდება ჩვენს მომხმარებლებთან", - წერს გიორგი გიორგობიანი.

როგორც ირკვევა, კომპანიის დირექტორის ეს განცხადება ქუთაისის მერიასთან შეთანხმებული არ იყო. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკასო აპარატების გაუქმების საკითხი არ განიხილება. თავად გიორგობიანს მის განცხადებაზე დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

ქუთაისის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი მეთოდი გასული წლიდან დაინერგა. იმის მიუხედავად, რომ კომპანიას საკმარისი დრო ჰქონდა მგზავრების ინფორმირებისა და ახალი სისტემის გამოცდისთვის, მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მაინც ვერ მოახერხა. თვეების შემდეგაც, ავტობუსებში პრობლემაა თანხის გადახდა. ამ მიზეზით შეწყვიტა კომპანიამ ავტობუსებში კონტროლიორების მუშაობაც, რომლებსაც უბილეთო მგზავრები უნდა გამოევლინათ და დაეჯარიმებინათ.

გაუმართავი სისტემის გამო, ქალაქის ბიუჯეტი ვალით ნაყიდი ავტობუსებისგან შემოსავალს ვერ იღებს.

ქუთაისის მერიამ, ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, რომელზეც 60 ავტობუსი მუშაობს.
Print