ახალი ამბები
პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალთა უფლებები დაირღვა - ომბუდსმენი
FaceBook
ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა დამძიმდა პანდემიის პირობებში - ამის შესახებ ომბუდსმენის ახალ კვლევაშია საუბარი.
სახალხო დამცველის აპარატმა, პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ დასაქმებულ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე კვლევა გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, მცირემასშტაბიანი კვლევა ჩატარდა რომლის ფარგლებშიც, სატელეფონო წესით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული 90 ქალი გამოიკითხა. რესპონდენტებს შორის იყვნენ ექთნებიც და ექიმებიც.

ომბუდსმენის აპარატის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა, რომ:

– პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები. კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული. ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შემთხვევები;

– ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას;

– პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა. ამ პრობლემას დამსაქმებლების მხრიდან არც ადეკვატური რეაგირება მოჰყოლია და არც ფსიქოლოგის/სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობისა და შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება;

– ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის მიუწვდომელია დასაქმების ადგილას მენსტრუალური ციკლის მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;

– კვლევის რესპონდენტთა ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამენ;

– ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ნაკლებად არიან ინფორმირებული სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. დასაქმების ადგილას ამ მექანიზმების არარსებობა და ზოგადად მათ შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს დაუცველს ტოვებს სექსუალური შევიწროების სისტემური პრობლემის წინაშე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში, ერთ-ერთ დაბალ საფეხურზე სრული უმრავლესობით (70%) ქალები არიან დასაქმებული, მათ შორის, მსოფლიოში 28,5 მილიონი ექთნიდან, 24 მილიონი ქალია.
Print