ახალი ამბები
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
FaceBook
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ  ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ხმა 17-მა დეპუტატმა მისცა. ბიუჯეტის კენჭისყრაზე თავის შეიკავა "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ნატო ქათამაძემ, ხოლო ორმა დეპუტატმა მომავლი წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცემადე დეპუტატებს პროექტი ქალაქის მერმა წარუდგინა. უმრავლესობის დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოიწონეს. სამაგიეროდ, უმრალესობისგან მოწონებული ბიუჯეტი "ლეიბორისტმა" დეპუტატმა დაიწუნა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს.

ქუთაისის 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 50 597 500 ლარით განისაზღვრა.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები რჩება. ბიუჯეტის პროექტში ასევე გაჩნდა რამდენიმე ახალი პროგრამა.

ქუთაისის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს პირველად მიმდინარე წლის 13 ნოემბერს წარუდგინა. თუმცა, სამ დღეში უკან გამოითხოვა. იმ დროისთვის მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 47 713 700 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტის უკან გატანის მიზეზად დამატებითი თანხების მობილიზება დასახელდა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ირაკლი ავალიანის განმარტებით, დამატებით 3 მილიონი ლარის მობილიზება სხვადასხვა შემოსავლებიდან მოხდა.
Print