ახალი ამბები
მუზეუმის ყოფილ შენობაში მულტიფუნქციური სივრცე მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე, სახელმწიფო მუზეუმის ყოფილ შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე განთავსდება.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, აპრილის თვიდან დაიწყება სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

თუმცა მანამდე საუბარი იყო ყოფილი მუზეუმის შენობის ადგილას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ მშენებლობაზე, მაგრამ შპს "ამერიკული სასტუმროების ჯგუფმა" პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა. 

საბოლოოდ მუზეუმის შენობის გაახლება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
ჯერჯერობით, მერიაში ზოგად ინფორმაციას ფლობენ მუზეუმის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისა და მისი ფუნქციის შესახებ. დეტალები ცნობილი პროექტიორების პროცესის დასრულების შემდეგ გახდება. 

ეს პროგრამა 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მილიონი ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა მისი მიზანია სიღარიბის შემცირება და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივი აღმოფხვრა.

კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი რეგიონის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ.
საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი გამოცხადდა 5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებზე.

მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი პროექტები ითვალისწინებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მცირე ზომის ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და განახლებას, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციას, ტურისტული ან სხვა სახის მომსახურებების შეთავაზების მიზნით სახელმწიფო შენობების განახლებას, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას და აშ.


Print