ახალი ამბები
მინდელის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, სამუშაოები დროებით შეჩერდება
FaceBook
რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა მინდელის შახტში, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მანამდე, შატხში სამუშაო პროცესი შეჩერდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან "საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სოცკიმ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში გაირკვევა რა მოხდა ობიექტზე.

"ჩვენს ინტერესშია დადგინდეს მომხდარის ობიექტური მიზეზები. საქმეში ჩართულია საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის, პროკურატურა. ასევე, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ თავად მეშახტეებიც. სამ დღეში გვექნება პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად გვეცოდინება რა მოხდა"- განაცხადა სოცკიმ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში აფეთქება წუხელ გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დაშავებულები თბილისში ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას სხეულის 60%-იანი დამწვრობა აქვს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში უბედური შემთხვევა ბოლოს გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა, მაშინ ერთ-ერთ კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის ღია და დახურულ შახტებში სულ 36 ადამიანი დაიღუპა.



ამავე თემაზე: 


ერთი გარდაცვლილი, 8 დაშავებული - აფეთქება ტყიბულის შახტში

ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, შრომის ინსპექტორები მუშაობენ

ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Print