ახალი ამბები
ტყიბულის შახტში, სადაც აფეთქება მოხდა, შრომის ინსპექტორები მუშაობენ
FaceBook
ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გარემოებებს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები სწავლობენ.


ინსპექტორები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ. პარალელურად, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს რა მოხდა შატხში.

ადგილზე იმყოფებოდა ტყიბულის მერიც. დავით ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მომხდარის ობიექტური გამოძიება.

"უნდა დადგინდეს, ეს იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა თუ შესაძლო დაუდევრობა მუშების მხრიდან," - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

"საქნახშირს" მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში აფეთქება წუხელ გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დაშავებულები თბილისში ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში უბედური შემთხვევა ბოლოს გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა, მაშინ ერთ-ერთ კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის ღია და დახურულ შახტებში სულ 36 ადამიანი დაიღუპა.
Print