ახალი ამბები
ტყიბულში დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
ტყიბულში დაშავებული რვა მეშახტიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, თეა უროტაძის თქმით, დაშავებულს სხეულზე 60%-იანი დამწვრობა აქვს.

,,მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში 60%-იანი დამწვრობით, აქვს ზედა კიდურების, სახის, სხეულის ტორსის დამწვრობა, მისი მდგომარეობა არის  მძიმე. სამი პაციენტი არის ემერჯენსის განყოფილებაში პოლიტრავმებით, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები და აქედან გამომდინარე მოხდება მათი განაწილება განყოფილებებში. ოთხი პაციენტი, რომელთა დამწვრობებშიც წამყვანია სასუნთქი გზები, სახის დამწვრობა და ზედა კიდურების დამწვრობა, მოთავსებული არიან მოდულთა განყოფილებაში" -
ამბობს თეა უროტაძე.

ტყიბულში, მინდელის სახელობის  შახტში აფეთქება წუხელ გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა,  ერთი კი გარდაიცვალა.

დაშავებულები თბილისში ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში უბედური შემთხვევა ბოლოს გასული წლის 11 ნოემბერს მოხდა, მაშინ  ერთ-ერთ კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. 2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის ღია და დახურულ შახტებში სულ 36 ადამიანი დაიღუპა.


Print