ახალი ამბები
,,ეს არის პოლიტიკური მასკარადი'' - ქუთაისი მერია ,,მადლიერების სახლში'' ულუფის შემცირების ბრალდებაზე
FaceBook
ქუთაისის მერია "მადლიერების სახლში" ბენეფიციარებისთვის ულუფის შემცირებას უარყოფს და საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს სიცრუეში ადანაშაულებს.

გიგა შუშანიას ბრალდებაზე გაკეთებულ საპასუხო განცხადებაში წერია, რომ " მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების რაციონი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს და რომ კვების ულუფები კალორაჟის მიხედვით განისაზღვრება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას მორიგი სიცრუე - პოლიტიკური, უსაფუძვლო ბრალდებები "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, არის ციფრებით მანიპულირება და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კვების ულუფები განისაზღვრება კალორაჟის მიხედვით, რომელიც დადგენილია შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ და არა თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული ულუფის თვითღირებულებით.
ქუთაისის " მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების რაციონი სრულად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს", - ამბობენ ქუთაისის მერიაში.

მერიამ უპასუხა გიგა შუშანიას ბრალდებას იოსებ ხახალეიშვილის მიერ ხელფასის გაორმაგებაზეც და მას პოლიტიკური მასკარადი უწოდა.

"ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელფასების მატება (მათ შორის, თავად გიგა შუშანიას ხელფასის) და კონკრეტული თანამდებობის პირების თანამდებობრივ სარგოზე აქცენტების გადატანა, წარმოადგენს პოლიტიკურ მასკარადს და არანაირ კავშირში არ აქვს სოციალურად დაუცველთა კვების საკითხთან თუ სხვა სერვისებთან. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას",
- აცხადებენ მერიაში.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ, ,,მადლიერების სახლის" ბენეფიციარებისთვის ულუფის შემცირება და ქუთაისის მერის გაზრდილი ხელფასი გააპროტესტა. მისი თქმით, ქალაქის მერი, რომელმაც ხელფასი 5 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი სოციალურად დაუცველის დღიურად გამოკვებაზე მხოლოდ 2,25 ლარს იმეტებს.

,,მადლიერების სახლი" ქუთაისის ბიუჯეტიდან წელს 940 000 ლარით დაფინანსდა, აქედან სოციალურად დაუცველთა კვებისთვის 654 000 ლარია განსაზღვრული.
Print