ახალი ამბები
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების სპეცტექნიკა გადასცა
FaceBook
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს,  სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.


აღნიშნული ტექნიკა მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკურ და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.

ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. 

ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი "სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების" ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქული მხრიდან 11 ერთეული ლოჯისტიკური დანიშნულების მანქანა, 2 ერთეული მიკროავტობუსი, 2 ერთეული ტრაქტორი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები გადაეცა.

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ. ამ ეტაპზე თურქეთის მხრიდან გადმოცემული სპეციალური ტექნიკის ღირებულება 597 722  აშშ დოლარს შეადგენს.

ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა.

Print