ახალი ამბები
,,უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ულუფა შეუმცირეს, მერს კი 5 500 ლარი არ ჰყოფნის'' - შუშანია
FaceBook
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ,,მადლიერების სახლის" ბენეფიციარების შემცირებული ულუფა და ქუთაისის მერის გაზრდილი ხელფასი გააპროტესტა.


გიგა შუშანიას თქმით, იმ ფონზე, როცა ქალაქის მერს ხელფასი 5 500 აქვს, ყველაზე შეჭირვებულ მოქალაქეებს ყოველდღიურ ულუფას უმცირებენ.

,,იოსებ ხახალეიშვილი მთელ ქუთაისს ეწუწუნება, რომ 5 500 ლარი საკმარისი არ არის, ეს მაშინ, როცა უფასო სასადილოს 800 ყველაზე გაჭირვებული ადამიანის გამოკვებაზე მხოლოდ 2,25 თეთრი იხარჯება. ხშირად ვერც კი ხდება მათი გამოკვება ადგილზე და სახლში მიაქვთ ცივი საჭმელი. მათ უმეტესობას გათბობაც კი არ აქვს სახლში. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა მერი 200 000 ლარის დახარჯვას აპირებს ჭამა-სმაში, ხოლო 400 000 ლარი განსაზღვრული აქვს საკუთარი ოფისის გასარემონტებლად და კომფორტის მოსაწყობად "
,- ამბობს გიგა შუშანია.

"ნაციონალური მოძრაობა" ბენეფიციარებისთვის მენიუს გაზრდას და კომფორტული გარემოს შექმნას ითხოვს.

გიგა შუშანიას ბრალდებებს უარყოფს "მადლიერების სახლის" განყოფილების ხელმძღვანელი ვარლამ ფხაკაძე.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო მადლიერების სახლში წესები შეიცვალა და ბენეფიციარებმა ულუფა სახლში უნდა წაიღონ.

"კალორაჟი სრულყოფილია, მენიუში არის საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, სუპები, ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა ჯანსაღად იკვებოს",- ამბობს ვარლამ ფხაკაძე.

უფასო სასადილოს ტიპური დღიური მენიუს შემადგენლობაში მონაცვლეობით არის პური, კატლეტი, თევზი, ბარდის წვნიანი, კისელი, ქათმის ბულიონი, წიწიბურა, აჯაფსანდალი, კვერცხი, კომპოტი, ხარჩო, ბრინჯის ფაფა, მაკარონის წვნიანი.

"მადლიერების სახლი" ქუთაისის ბიუჯეტიდან წელს 940 000 ლარით დაფინანსდა.

Print