ახალი ამბები
თეთრ ხიდს, შესაძლოა, რეაბილიტაცია ისევ ჩაუტარდეს
FaceBook
თეთრ ხიდზე, რომელიც მისი რეაბილიტაციის დღიდან არაერთხელ დაზიანდა, ზამთარში კი მასზე გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია, შესაძლოა, საფარი შეიცვალოს.

სამ წელიწადში ისტორიული ხიდის განმეორებით რეაბილიტაციაზე ქალაქის მერი სოსო ხახალეიშვილი ალაპარაკდა.  საკრებულოს სხდომაზე მერმა თქვა, რომ თეთრი ხიდი საზოგადოებაში ქილიკის მიზეზი აღარ უნდა იყოს. 

"თეთრი ხიდის იმდროინდელი რეაბილიტაცია იყო ძალიან თამამი და წინ გადადგმული ნაბიჯი.  მე  ვფიქრობ, რომ ის თემა და ქილიკი, რომელიც მოჰყვება თოვლის გაწმენდა - არგაწმენდას, უნდა დასრულდეს. არ ვიცი კანონი რამდენად მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაცია ჩავატაროთ, რადგან მისი რეაბილიტაციიდან სულ რამდენიმე წელია გასული. ფაქტია, რომ რაღაც უნდა მოვიფქროთ ყველამ ერთად, იმიტომ,  რომ ამ ხიდის მომავლის პასუხისმგებლობა ერთობლივადაა მისაღები. მოკლედ, დეტალები გასავლელია და გადაწყვეტილება მისაღებია", - განაცხადა ქალაქის მერმა. 


თეთრ ხიდზე, რომელსაც მასშტაბური რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა, მალევე დაზიანდა ზედაპირი, არაერთხელ დაიბზარა შუშები, თოვლის დროს კი,  მოცურების საფრთხის გამო, მასზე გადაადგილება შეუძლებელია.


ისტორიული ხიდის სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. საბოლოოდ, ხიდის არც ვიზუალი და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი აღმოჩნდა მისაღები. ქუთაისის მერიასა და სამუშაოების  შემსრულებელ კომპანია "ალმა-რუსს"  შორის, 2018 წელს დაწყებული დავა დღემდე გრძელდება. მერია კომპანიას ხელშეკრულების შეუსრულებლობას  ედავება, რის გამოც, "ალმა-რუსს" ჯარიმა ერთხელ უკვე დაერიცხა.




Print