ახალი ამბები
ქუთაისს კულტურის სტრატეგიის დასრულებული დოკუმენტი მაისში ექნება
FaceBook
ქუთაისში, კულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა ერთი თვეა მიმდინარეობს.

სამუშაოებს, ევროკავშირის მხარდაჭერით, Creative Solution-სა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლები აწარმოებენ. მათ უკვე 12 შეხვედრა გამართეს სხვადასხვა ფოკუსჯგუფებთან: კულტურის ამა თუ იმ სექტორის წარმომადგენლებთან და რიგით მოქალაქეებთან, რომელთაც სურვილი გაუჩნდებათ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართვაში.

ამჟამად კულტურის სტრატეგიის შექმნაში ჩართული გუნდი მიღებული ინფორმაციისა და იდეების გადამუშავება-ანალიზით არის დაკავებული.

მათ დოკუმენტის შექმნისა და საბოლოო სახის მისაცემად 6 თვე ეძლევათ. შემუშავებული დოკუმენტი საბოლოოდ ქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

იგი მზად მაისის თვეში უნდა იყოს.

დასრულებული დოკუმენტი EU4Culture კიდევ ერთ კონკურში მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს 300 000 ევროს.

იმ შემთხვევაშიც, თუკი ვერ გაიმარჯვებს, ქალაქს დარჩება კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი და დაპირება ქალაქის მაღალი პირებისგან, რომ დაფინანსებას მოიძიებენ ამ პროექტის ასამოქმედებლად.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც 2021 - 2024 წლებში ხორციელდება. იგი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა.

პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის გაზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. 

ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი EU4Culture-ს კონკურსში შერჩეული ქალაქებია. მათ კულტურის განვითარების სტრატეგიების შესამუშავებლად ევროკავშირისგან 30 000€-მდე გრანტები მოიპოვეს.

პროექტ EU4Culture ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

Print
თეგები: #2022 წელი #EU4Culture