ახალი ამბები
რამდენი გადაუხადეს საახალწლო კონცერტებში მონაწილე შემსრულებლებს?!
FaceBook
გასული წლის დეკემბერში, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისის მერიამ ორი კონცერტი გამართა.

2021 წლის 20 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთების აღსანიშნავად და 31 დეკემბერს ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტებში, მონაწილეობდნენ როგორც ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე, მუსიკალური ჯგუფები.

შემსრულებლებზე ანაზღაურება სხვადასხვა რაოდენობით გაიცა.

მაგალითად, 2000-2000 ლარი გადაუხადეს ნაძვის ხის ანთების კონცერტში მონაწილე შემდეგ მომღერლებს: მაკა ზამბახიძე, დავით მგელაძე, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და რატი დურგლიშვილი.

ყველაზე დიდი თანხა ქუთაისის მერიამ "გაგა ფრანი"- ს გადაუხადა. საახალწლო გალა კონცერტში მონაწილე მუსიკალურმა ჯგუფმა სიმღერების შესრულებაში 10 000 ლარი მიიღო. 5105 ლარი გადაუხადეს ჯგუფს "ოჩოს ქოხი", დუეტმა "ლეონი" 2500 ლარი მოითხოვა, "ჩვენი კვარტეტი" - 2550 ლარი, ქეთი თურქაძე - 640 ლარი, მიმი ჯავახიშვილი - 640 ლარი, ინდირა ჯგერნაია - 1915 ლარი, გიორგი ყურაშვილი DJ KURA - 2500 ლარი, ნიკა ბიწაძე PAJO - 895 ლარი, მიხეილ თურქაძე DJ SOMALI - 700 ლარი.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ჰონორარები საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკის მიხედვით გასცეს.

"მომღერალი ან ჯგუფი თავად ასახელებს ჰონორარს და აფასებს თავის პროდუქციას, მერიაც, თუკი მისაღებია მისთვის ეს თანხა, თანხმდება, თუ არა და უარს ეუბნება. ყველამ მიიღო იმის მიხედვით, ვინ რა მოითხოვა, თუმცა, იყვნენ ისეთი შემსრულებლებიც, რომლებმაც ძვირად შეაფასეს მათი პროდუქცია, ამიტომ უარი ეთქვათ", - აღნიშნავენ ქუთაისის მერიაში.

ჯამში, საახალწლო კონცერტების ჰონორარი ადგილობრივ ბიუჯეტს 37 445 ლარი დაუჯდა.
Print