ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინას მხარდაჭერა Twitter-ზე გამოუცხადა
FaceBook
ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის მოლოდინშია, მხარდაჭერა სოციალური ქსელის საშუალებით გამოუცხადა.


"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - წერს ზალკალიანი Twitter - ის პირად გვერდზე.


ამ ფორმით ზალკალიანი უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა.

რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული. უკრაინის საზღვართან, ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 170 000-მდე გაიზრდება. რუსეთი ირწმუნება, რომ თავდასხმას არ გეგმავს და დასავლეთისგან მოითხოვს შეცვალოს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება. კონკრეტულად, კრემლის სურვილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაკეთებული ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, შეიცვალოს შემდეგნაირად: "საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან" ნატოს წევრი ქვეყნები.

სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მალე დაიწყება, რადგან რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ჯარები უკრაინის საზღვართან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.
Print