ახალი ამბები
8 წესი მაია ბუწაშვილისგან ბინაზე მყოფი კოვიდპაციენტებისთვის
FaceBook
რა წესები უნდა გაითვალისწინოს ბინაზე მყოფმა კოვიდპაციენტმა?!


ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი 8 წესს გვთავაზობს, რომელიც კოვიდინფექციის ადეკვატურად აღქმასა და მასთან გამკლავებაში დაეხმარება ბინაზე მყოფ პაციენტებს. 

ინფექციონისტის რჩევის თანახმად; 

1. კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ. უმრავლესობას არავითარი წამალი არ ჭირდება.

2. ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლაც ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით.

3. ისევ აქტუალურია სატურაციის გაზომვა. კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი.

4. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამას ექიმი წყვეტს და თუ აუცილებლად არ მიაჩნია, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით ექიმებს. თქვენივე სასიკეთოდ გირჩევენ, რომ არ გჭრდებათ ტომოგრაფია და ხშირად ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა გასაკეთებლად ზოგჯერ რიგებში მოგიწევთ დგომა.

5. კოვიდს არავითარი გადასხმები არ სჭირდება. თუ სითხის მიღება შეგვიძლია, გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმა არ არის მკურნალობა, უბრალოდ, სითხის შევსებაა.

6. საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი.

7. სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.

8. იზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის.

Print