ახალი ამბები
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 -18 წლის გოგონებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ
FaceBook
პაპილომავირუსის უფასო ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა.

შესაბამისი აცრის ჩატარება უკვე 13-დან 18 წლამდე გოგონებს შეეძლებათ. ამაზე ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა მხოლოდ 9-12 წლის გოგონებს შეეძლოთ, სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის, კაცებისთვის, ვაქცინაცია ფასიანი იყო.

HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს:

15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.

პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი - არანაკლებ 3 თვე.

რაც შეეხება 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფს, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).

დაავადებათა ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ვირუსთა ჯგუფია, რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს. სწორედ ამ რისკებისგან იცავს ადამიანს ვაქცინაცია.
Print