ახალი ამბები
თბილისში დაგეგმილ აქციას იმერეთში გაფიცული სოციალური აგენტებიც უერთდებიან
FaceBook
იმერეთში გაფიცული სოციალური აგენტები, თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან.

"იცით, რომ დღეს ორ ქალაქში, თბილისსა და ბათუმში დაიგეგმა ფართომასშტაბიანი აქცია. მივდივართ ყველა, ვინც ვართ იმერეთში გაფიცული. დღის განმავლობაში კიდევ ველოდებით კოლეგების შემოერთებას.  ჩვენი მოთხოვნა არის იგივე,  არ ვართ თანახმა სამინისტროს იმ შემოთავაზებაზე, რომელიც უკვე დაამტკიცეს",
- ამბობს  ზესტაფონის რაიონული მომსახურების სააგენტოს უფროსი აგენტი ნინო ბოჭორიშვილი. 

იმერეთში სოციალური მომსახურების ცენტრების 35-მდე თანამშრომელია გაფიცული. სამდღიანი პროტესტის მიუხედავად, სააგენტოს იმერეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ  მოქალაქეებს სერვისი შეუფერხებლად მიეწოდებათ. 

ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე  სოციალური აგენტი 17 იანვარს გაიფიცა. ისინი ხელფასების 100 %-იან გაზრდას და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევას ითხოვენ. 

პროტესტის პარალელურად, სოციალური მომსახურების სააგენტომ თანამშრომლებისთვის გაზრდილი ხელფასების შესახებ ბრძანება დაამტკიცა.  დოკუმენტის მიხედვით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.


ფოტო: სოლიდარობის ქსელი



ამავე თემაზე:






Print