ახალი ამბები
"ენკამ" ქუთაისში ოფისი დახურა
FaceBook
„ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ ქუთაისის ოფისი დახურა.
- ამის შესახებ ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლემა ირმა ცქიტიშვილმა დაუდასტურა.

"დროებით დაიხურა ოფისი, ტექნიკა ადგილზე რჩება. ამაზე მეტს ამ ეტპაზე ვერაფერს გეტყვით".

გავრცელებული ინფორმაციით, პოსტი დატოვა კომპანიის დირექტორმა მერაბ ლომინაძემაც, თუმცა, ცქიტიშვილი არც ამის შესახებ განამტავს რამეს.

კომპანია ENKA-მ გასული წლის სექტემბერში, საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "ენკა რინიუებლზმა" კონტრაქტზე უარი მისი პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო თქვა. იმ დროიდან მოყოლებული ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ადგილზე რჩებოდა მძიმე ტექნიკა.

მას შემდეგ რაც, კომპანია "ენკამ" გაავრცელა განცხადება, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობაზე დადებულ ხელშეკრულებას წყვეტდა, ეკონომიკის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც მხარეებს კომუნიკაციაში დაეხმარებოდა.

"ჩვენ მათთან კომუნიკაციით შევქმენით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრებს, კომუნიკაციებს აწარმოებენ, არა ჩემს დონეზე ჯერჯერობით, თუმცა, პირადად ვაკვირდები. იმ წერილის შემდეგ ვამონიტორინგებ ამ პროცესს, ხდება უკვე სპეციალისტების, იურისტების, ენერგეტიკოსების დონეზე ურთიერთკომუნიკაცია",
- განმარტავდა ნათია თურნავა ცოტა ხნის წინ.

"ენკა" რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა.

მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სპეციალისტები ქვეყნის ინტერესების საზიანოს უწოდებდნენ, რასაც ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა.

ხეობაში ადგილობრივები პროტესტის ნიშნად დღემდე კარვებში რჩებიან.
Print